- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
მირანდა ტყეშელაშვილი
ქართველი ერის წინაპრების ძიებას ბიბლიასთან მივყავართ. იქ დასახელებულია თუბალ-კაენი, რვალისა და რკინის იარაღების მჭედელი. თუბალთან ერთად იხსენიება მოსოხი. არაერთი მეცნიერი თუბალსა და მოსოხს ქართული ტომების სახელწოდებებთან (ტიბარენები და მესხები) აიგივებს. მე-20 საუკუნეში ლურსმნული წარწერების გაშიფვრის შედეგად დადასტურდა ბიბლიური თუბალებისა და მოსოხების (იბერიელებისა და მესხების წინაპრების) რეალურად არსებობა და გაჩნდა მოსაზრება, რომ რომ თუბალებისა და მოსოხების გაერთიანებები ქართველთა გაერთიანებებია, რომლებიც არსებობდა მცირე აზიაში ძველი წელთაღიცხვის II-I საუკუნეებში.
ქართველი ერის წარმოშობის შესახებ არაერთი, ხშირად ურთიერთსაპირისპირო თვალსაზრისი არსებობს. ანტიკური პერიოდის ავტორები გვთავაზობენ ნახევრად ლეგენდურ ცნობებს ქართველთა წარმოშობაზე.
ბერძენი ავტორების ყურადღების ცენტრში, უპირველეს ყოვლისა, დასავლეთ საქართველო, კოლხეთის სამეფო მოექცა. ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე (ძვ. წ. აღ-ის მე-5 ს.) კოლხებს ეგვიპტური წარმომავლობის ხალხად მიიჩნევს; აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრთა – იბერიელების – შესახებ ბერძენი ისტორიკოსი მეგასთენე (ახ. წ. აღ-ის მე-3 ს.) წერდა, რომ იბერიელთა თავდაპირველი სამშობლო ესპანეთია (იგივე ბასკეთი) და იბერიელები კავკასიაში დასავლეთიდან მოვიდნენ. არსებობს სხვა თვალსაზრისებიც. ანტიკური საისტორიო წყაროების ინტერესი ქართველი ხალხის მიმართ იმაზე მიანიშნებს, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ქართველები ცივილიზებული მსოფლიოს ყურადღებას იმსახურებდნენ.
ამ მხრივ გამორჩეულია თქმულება არგონავტების კოლხეთში ლაშქრობის შესახებ, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ მწერლობაში. არ დარჩენილა ელინური ეპოქის არათუ მწერლობის, არამედ ხელოვნების არცერთი დარგი, რომელსაც ეს თქმულება მთლიანად, ან ეპიზოდების სახით არ დაემუშავებინოს.
რაც არ უნდა უხვად შეიცავდეს ფანტასტიკურ ელემენტებს ეს სახელგანთქმული თქმულება, ერთი რამ უდავოა: ძველი წელთაღიცხვის მეორე ათასწლეულის შუახანებისთვის ბერძნებს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერი, აყვავებული და კულტურულად განვითარებული კოლხეთის სამეფო ეგულებოდათ, რომელსაც მეფე აიეტი, მზის ღმერთის, ჰელიოსის ვაჟი, განაგებდა.
პირველ ცნობებს არგონავტებისა და კოლხეთის შესახებ ელინური მწერლობის ჩვენამდე მოღწეულ ყველაზე ადრინდელ ძეგლებში, ჰომეროსის "ილიადასა" და "ოდისეაში" ვხვდებით. ფიქრობენ, რომ ჰომეროსმა გამოიყენა მანამდე არსებული ეპოსი, რომელშიც არგონავტთა თქმულების გარკვეული ნაწილი იყო გადმოცემული.
რა იყო ოქროს საწმისი? მეცნიერთა ნაწილის აზრით, ოქროს საწმისს ანტიკურ პერიოდში იგივე სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, რაც შუა საუკუნეებში გრაალსა და ფილოსოფიურ ქვას. ფილოსოფიური ქვის ძიება არის არა მარტო მატერიალური საგნის, ოქროს, არამედ ღმერთის ძიება, რაც ანტიკურ მისტერიებში ოქროს საწმისის ძიებით იყო გადმოცემული. არგონავტების კოლხეთში ლაშქრობა სიმბოლურად არის მისწრაფება იმ სულიერი სიბრძნის მოსაპოვებლად, რომელიც მაშინ მხოლოდ კოლხეთში იყო შემონახული. ამგვარ სიბრძნეს აღარ ფლობდნენ აღარც საბერძნეთის ტერიტორიაზე და აღარც ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში.
ზოგიერთი ძველი წერილობითი წყაროს თანახმად, ოქროს საწმისი ვერძის ტყავი იყო, რომელზეც ოქროს მიღების ალქიმიური ფორმულები ეწერა. ზოგი ცნობით, ეს იყო "ოქროდამწერლობით" (ბერძნულად ხრისოგრაფია) შესრულებული წიგნი (ხარაქს პერგამონელი), ზოგი კი ფიქრობდა, რომ კოლხეთში დაცული საწმისი ტყავებზე ნაწერი წიგნი იყო, რომელიც აღწერდა ოქროს მიღების ძველ კოლხურ მეთოდს (სვიდას ლექსიკონი). აპოლონიოს როდოსელის "არგონავტიკის" ტექსტში არის მინიშნება იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდა საწმისი სინამდვილეში. საქმე ეხება ცნობას კოლხეთში არსებულ უძველეს დამწერლობაზე. აპოლონიოს როდოსელის მიხედვით, კოლხებს ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნეში ჰქონდათ საკუთარი დამწერლობა, კვირბები, ანუ ქვაზე დაწერილი რუკები და ტექსტები.
ეს ცნობა პირველი წერილობითი დადასტურებაა ძველ სამყაროში რუკების არსებობის თაობაზე, თანაც ფასეულია იმით, რომ ავტორი დიდი ხნის მანძილზე ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში მუშაობდა და უძველეს იშვიათ არქივებზე მიუწვდებოდა ხელი. "არგონავტიკის" მეოთხე წიგნში ფრიქსეს უფროსი ვაჟი, არგოსი, არგონავტებს ეუბნება, რომ კოლხებს შენახული აქვთ თავიანთი მამების მიერ ნაწერი კვირბები, რომლებზეც ზღვისა თუ ხმელეთის ყველა გზა და საზღვარია ნაჩვენები. წყაროთა უმეტესობა უთითებს, რომ ოქროს საწმისი იყო ტყავზე ნაწერი წიგნი, ამიტომ აპოლონიოს როდოსელის ცნობა ორმაგად ფასეული ხდება. ეს არის ისტორიული მოწმობა იმის შესახებ, რომ ძველ კოლხეთში დამწერლობა არსებობდა.
ბერძნულ წყაროებში სხვა ცნობებიც გვხვდება ქართველების, როგორც ცივილიზებული ერის, შესახებ. ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, თემისტოსის თანახმად, ფაზისის (დღევანდელი ფოთი) მახლობლად, ჩ. წ. აღ. I-VI საუკუნეებში არსებულა კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა – ფაზისის აკადემია, სადაც რიტორიკული განათლება მიუღია მის მამას, ევგენიოსს და თვით თემისტოსსაც. არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ენაზე მიმდინარეობდა სწავლება ამ აკადემიაში, მაგრამ თემისტოსი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მეზობელ ბარბაროსთა სასწავლებლებისგან განსხვავებით აქ ისართა ტყორცნა ან ჯირითი კი არ ისწავლებოდა, არამედ აღსაზრდელებს რიტორიკულ ხელოვნებაში წვრთნიდნენ. ეს ცნობა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ იგი მიუთითებს კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლის აღზრდილების საფუძვლიან განსწავლულობაზე ბერძნულ ენასა და კლასიკურ ბერძნულ ლიტერატურაში.
კოლხეთისა და იბერიის შესახებ ცნობებს ვხვდებით რომაელ ისტორიკოსთა თხზულებებშიც. ცნობილი რომაელი ისტორიკოსის ტაციტუსის "ანალებში" დაწვრილებითაა აღწერილი ძველი რომისა და კავკასიის ქვეყნების სამხედრო ურთიერთობა, იბერიის საშინაო პოლიტიკური ვითარება, ხოლო მისსავე "ისტორიაში" საგანგებო ყურადღება ეთმობა კოლხეთის, პონტოსა და რომის იმპერიის ურთიერთობის ზოგიერთ საკითხს.
ევროპელთა მიერ საქართველოს თავიდან "აღმოჩენა" მე-16–მე-17 საუკუნეებიდან დაიწყო. ინტერესი საქართველოსადმი, როგორც აღმოსავლეთის ეგზოტიკური ქვეყნისადმი, თავდაპირველად ევროპელ მოგზაურთა ჩანაწერებში გამოიკვეთა. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები იტალიელმა მისიონერებმა გადადგეს. მნიშვნელოვანია ცნობილი იტალიელი მოგზაურის, პიეტრო დე ლა ვალეს ჩანაწერები საქართველოზე, ასევე ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის წიგნი "მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში", რომლის საკმაოდ მოზრდილი ნაწილი 1672-73 წლებში შარდენის საქართველოში მოგზაურობას მიეძღვნა. ავტორის უშუალო შთაბეჭდილებები შევსებულია ძველ ავტორთა ცნობებით საქართველოს შესახებ. წიგნში ვხვდებით ძველი თბილისის პირველ გრაფიკულ ჩანახატს, რომელიც შარდენის თანამგზავრის, მხატვარ გრელოს მიერ უნდა იყოს შესრულებული. ვატიკანის არქივებში დაცულია დონ პიეტრო ავიტაბილეს, არქანჯელო ლამბერტის, ჯუზეპე ჯუდიჩის, ანტონიო ჯარდინას, დონ კრისტოფორო დე კასტელის, ანდრეა ბორომეოს და სხვათა საყურადღებო ცნობები საქართველოს შესახებ. განსაკუთრებით აღსანიშნავია კრისტოფორო დე კასტელის ჩანახატები და ჩანაწერები და არქანჯელო ლამბერტის მიერ მე-17 საუკუნის 50-იან წლებში იტალიაში გამოქვეყნებული წიგნები – "სამეგრელოს აღწერა" და "წმინდა კოლხიდა", რომლებშიც მოცემულია საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარების, ყოფისა და კულტურის, ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეების ვრცელი მიმოხილვა.
ამავე პერიოდში საქართველოს თემა ევროპულ მხატვრულ ლიტერატურაშიც გაჩნდა. ანტიკური თქმულებები (არგონავტების მითი) თუ საისტორიო წყაროები (ტაციტუსის "ანალები"), ჯვაროსნებისა და ევროპელი მოგზაურების მონათხრობი საქართველოს შესახებ ევროპელ მწერალთა შემოქმედებაში აისახა. ამას ზოგჯერ ემატებოდა აღმოსავლეთიდან მომდინარე ზღაპრული თემატიკის მისტიფიცირება და სიუჟეტის საქართველოში გადმოტანა. ანტიკური წყაროების თავისუფალი გადამუშავების საფუძველზე ჩანს შექმნილი ინგლისელი დრამატურგების – ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის პიესა "მეფე და არა მეფე", რომლის მთავარი გმირი, იბერიის მეფე არბასისი, სომხეთის მეფეს, ტიგრანს უპირისპირდება. მე-17 საუკუნის 30-იან წლებში ევროპაში გახმაურდა ქართველი დედოფლის, მეფე თეიმურაზ პირველის დედის, ქეთევანის, წამების ამბავი სპარსეთის შაჰის, შაჰ-აბასის, მიერ. 1633 წელს ამ ფაქტის შესახებ ოქსფორდში დაიბეჭდა ბერი გრეგორიუსის საგანგებო წერილი, 1657 წელს კი გერმანელმა დრამატურგმა ანდრიას გრიფიუსმა დაწერა ხუთმოქმედებიანი ტრაგედია ლექსად "ქართველი ქალი ეკატერინე, ანუ ნაცადი სიმტკიცე", რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ევროპულ სცენებზე. 1761 წელს ვენეციის სცენაზე დაიდგა იტალიელი დრამატურგის კარლო გოლდონის პიესა "მშვენიერი ქართველი ქალი", მოგვიანებით კი კარლო გოცის პიესები – "ქალი გველი" და "ლურჯი ურჩხული", რომელთა მოქმედება იბერიაში (საქართველოში) ხდება.
ევროპის ინტერესი ქართული სამყაროს მიმართ ქართულ ენასა და ლიტერატურასაც მოიცავს. ევროპელი მოგზაურების ჩანაწერებში გვხვდება ქართული ენის მოკლე აღწერაც. მაგალითად, სალომონ შვაიგერის მოგზაურობის ჩანაწერებში საუბარია საქართველოს, ქართული ენის შესახებ, იქვეა წარმოდგენილი ქართული ანბანი და პირველი ფსალმუნის ქართული თარგმანი ლათინური ტრანსკრიფციით. ესაა ქართული შრიფტის სტამბური გამოყენების პირველი ნიმუში. 1692 წელს ამსტერდამში ჰოლანდიურ ენაზე გამოცემულ ნიკოლას ვიტცენის წიგნში "ჩრდილო და აღმოსავლეთ თათრეთი", შეტანილია ქართული ანბანი, დამწერლობის ნიმუშები და ჰოლანდიურ-ქართული ლექსიკონი. საინტერესო ცნობებს შეიცავს ბერნარდე მარია ნეაპოლელის არქივი, სადაც მიაგნეს ძველი ქართული სასულიერო და საერო მწერლობის კატალოგს და ქართული ზღაპრების ჩანაწერებს. ბერნარდე მარია ნეაპოლელმა მე-17 ს-ის 70-იან წლებში ათიოდე წელი დაჰყო საქართველოში.
მომდევნო საუკუნეებში ქართული კულტურის მიმართ ინტერესი უფრო ინტენსიური გახდა.