- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
ირმა რატიანი
XX საუკუნის დასაწყისი ძალზე რთული აღმოჩნდა საქართველოსთვის. 1918 წელს ქვეყანამ თავის სანუკვარ მიზანს მიაღწია და გათავისუფლდა რუსეთის იმპერიის დიქტატურისგან. ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიმბოლოდ პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება იქცა. მაგრამ თავისუფლება ხანმოკლე აღმოჩნდა. 1921 წელს საქართველოში ბოლშევიკური მმართველობა დამყარდა და ქვეყანა იძულებით შეუერთეს ახლადშექმნილ საბჭოთა კავშირს. ეს ცვლილებები ძალზე რთული იყო ქვეყნის კულტურისა და ლიტერატურისათვის. სწორედ ამ პერიოდში ერთმანეთს დაუპირისპირდა ქართული მწერლობის ორი მიმართულება: ერთს მოდერნიზმი და ავანგარდი წარმოადგენდა, ხოლო მეორეს – საბჭოთა მწერლობა.
ქართული მოდერნიზმი წარმატებით წარმოაჩენდა ევროპული და მსოფლიო მოდერნიზმის ძირითად ტენდენციებს საქართველოში.
გამსახურდია
მოდერნიზმის ეპოქის ქართველი პროზაიკოსები – მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი, ვასილ ბარნოვი, გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია და სხვები – თავიანთ თხზულებებში წარმოაჩენდნენ თანამედროვე ადამიანის რთულ სულიერ დილემებს. ეს დილემები უფრო მეტად მწვავდებოდა საბჭოთა დიქტატურის ფონზე. საბჭოთა იდეოლოგია გმობდა ყოველივე სულიერს, პიროვნულს, ინდივიდუალურს. ის არ ცნობდა ცნებას "მე". მისთვის მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ ცნება "ჩვენ", რომელიც მიუთითებდა, რომ ყველას ერთნაირად უნდა ეაზროვნა და ერთნაირად ეცხოვრა. ქართულმა მოდერნისტულმა მწერლობამ ზუსტად ასახა ეს ტრაგიკული წინააღმდეგობა. შედეგად, დაიწერა ისეთი შედევრები, როგორებიცაა: "ჯაყოს ხიზნები", "გველის პერანგი", "ჰაკი აძბა" და სხვა.
რომანში "ჯაყოს ხიზნები" მიხეილ ჯავახიშვილი გასაოცარი სიღრმით გვიჩვენებს სამყაროსთან პიროვნების სრული გაუცხოების ურთულეს პროცესს. მისი მთავარი პერსონაჟი ყოფილი მემამულე და თავადი თეიმურაზ ხევისთავია. ხევისთავი ყოველგვარ კავშირს კარგავს საბჭოთა რეალობასთან.
რობაქიძე
დასახული ამოცანის მასშტაბურობით მიხეილ ჯავახიშვილი თავისი თანამედროვე დასავლელი მოდერნისტი ავტორების – ფრანც კაფკა, მიხაილ ბულგაკოვი, ვლადიმირ ნაბოკოვი და სხვა – ღირსეული თანამოაზრეა.
ამავე პერიოდში იმპრესიონისტული მანერით მუშაობს ნიკო ლორთქიფანიძე. მწერალი ძალზე მწვავე თემებს აშუქებს. მისი თხზულებები "ტრაგედია უგმიროთ", "შელოცვა რადიოთი", "იყიდება საქართველო"... ხაზს უსვამს დროის სისასტიკეს, ადამიანების უძლურებას ამ დროში, ტრაგიზმსა და განწირულობას. ექსპრესიონისტული სტილითაა დაწერილი გრიგოლ რობაქიძის "გველის პერანგი" და კონსტანტინე გამსახურდიას "დიონისოს ღიმილი". საგულისხმოა, რომ "გველის პერანგის" პირველ გამოცემას სტეფან ცვაიგის წინასიტყვაობა ახლდა.
![]() ტაბიძე |
განსაკუთრებულ როლს ქართული მოდერნიზმის განვითარებაში ასრულებდნენ ქართველი პოეტები: გალაკტიონ ტაბიძე, ტერენტი გრანელი; პოეტი–სიმბოლისტები – ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, გრიგოლ რობაქიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, ნიკოლო მიწიშვილი, გიორგი ლეონიძე, შალვა აფხაიძე, შალვა კარმელი და სხვ. ქართველმა მოდერნისტმა პოეტებმა დასავლურ სტანდარტს დაუახლოვეს ქართული პოეზია. მათ ლექსებში იკითხება მსოფლიო მოდერნისტული პოეზიის ლიდერების – ბოდლერის, რემბოს, მალარმეს, მეტერლინკის, ბლოკის, ბელის პოეზიის საუკეთესო ტრადიციები. ქართული ლექსი მოდერნისტული მეტაფორებითა და სიმბოლოებით დაიტვირთა. წარმოსახვა, ტკივილი, განცდა, იმედგაცრუება, გაუცხოება მთელი სიმძაფრით შემოიჭრა პოეზიაში. ლექსი არნახულად მუსიკალური და მეტყველი გახდა. აი, რამდენიმე ნიმუში: |
![]() ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის იხ. სრულად |
ტიციან ტაბიძე ავტოპორტრეტი უაილდის პროფილი... ცისფერი თვალები, |
![]() |
აღსანიშნავია, რომ მოდერნიზმის ეპოქის ქართველმა პოეტებმა წინ წამოსწიეს საქართველოს, როგორც ახალი კულტურული ცენტრის იდეა. თბილისში ჩქეფდა პოეტური ცხოვრება. ქალაქს ხშირად სტუმრომდნენ ევროპიდან და რუსეთიდან ჩამოსული ცნობილი მოდერნისტი პოეტები და მწერლები. ქართული მოდერნიზმი მხარდამხარ მიჰყვებოდა ევროპულ ლიტერატურულ პროცესებს...
ეს ყველაფერი სულაც არ მოსწონდა ახალგაზრდა საბჭოთა ხელისუფლებას! მოდერნიზმისმისათვის დამახასიათებელი თავისუფალი აზროვნება ეწინააღმდეგებოდა ბოლშევიკურ იდეოლოგიას.
არანაკლებ საფრთხეს ბოლშევიზმისთვის წარმოადგენდა ლიტერატურული ავანგარდი. ავანგარდი გადამეტებულ თავისუფლებას ამჟღავნებდა ლიტერატურული გამოხატვის ფორმებში. ის არ ერიდებოდა ექსპერიმენტებს. ქართული ავანგარდი, დასავლური და რუსული ავანგარდის მსგავსად, წარმოადგენდა მხატვრულ რეაქციას ჩიხში მოქცეულ კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე. ავანგარდული სკოლებიდან საქართველოში ყველაზე წარმატებულად ფუტურიზმი განვითარდა. ფუტურიზმი თაყვანს სცემდა ურბანიზაციასა და ინდუსტრიულ პროგრესს, ნერგავდა დინამიკის, ხმაურის, აგრესიის ენერგიას. ფუტურისტებმა საგანგებო ენაც კი შექმნეს – ზაუმი, რომლითაც გამოხატავდნენ თავიანთ პოეტურ ესთეტიკას.
სიმონ ჩიქოვანი მეკამეჩეების ურმული (ფრაგმენტი) ორგი'დო ხერგ'დო მუხების რკო! იხ. სრულად |
![]() |
ასეთი პათოსისა და განწყობის მატარებელი მოდერნიზმი და ავანგარდი, ცხადია, ხელს უშლიდა ბოლშევიკური იდეოლოგიის დანერგვას მასებში. თავისუფალი და არასტანდარტული აზროვნება ეწინააღმდეგებოდა ბოლშევიზმის იდეალებს. მოდერნისტები და ავანგარდისტები ცხადდებოდნენ "საბჭოთა ქვეყნის მტრებად". მათი ხარისხიანი, ხშირად გენიალური შემოქმედება ცხადდებოდა ანტისახელმწიფოებრივ მოღვაწეობად. მათ სჯიდნენ, როგორც დამნაშავეებს. შედეგად, არაერთი ქართველი შემოქმედი შეგებებია დახვრეტას (მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, კოტე ხიმშიაშვილი), დაპატიმრებას (ნიკო სამადაშვილი), ემიგრაციას (გრიგოლ რობაქიძე), ანაც – თვითმკვლელობას (პაოლო იაშვილი). მწერლები მიდიოდნენ მსხვერპლზე, ვინაიდან სხვაგვარად მათ არ შეეძლოთ!
ფიზიკური ანგარიშსწორების გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ მოდერნიზმსა და ავანგარდს სოციალისტური რეალიზმი დაუპირისპირა. დაიწყო ე.წ. საბჭოთა მწერლობის ჩამოყალიბება.
საბჭოთა იდეოლოგია არ სცნობდა ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორებიცაა: ეროვნული კუთვნილება, ინდივიდუალური აზროვნება, განსხვავებული ხედვა. ცხოვრების ლოზუნგი ასეთი იყო: რაც სჭირდება ერთს, საჭიროა ყველასათვის; რაც წესია ერთისათვის, წესია ყველასთვის; როგორც ცხოვრობს ერთი, ისე უნდა ცხოვრობდეს ყველა! გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებდა ცენტრი. მიმდინარეობდა "ახალი სოციალური წყობილების შემქნისა" და "ადამიანების გადაკეთების" პროცესი. "შექმნა" და "გადაკეთება" კი ძალადობასა და ტერორზე იყო აგებული. პროცესი თანდათანობით გადაიზარდა ქაოსსა და უბედურებაში. ბოლშევიზმმა ორგანიზებული ბოროტების სახე მიიღო. ე.წ. კომუნისტურმა დემოკრატიამ მძიმე დაღი დაასვა კომუნისტური ქვეყნების კულტურულ ისტორიას.
ლიტერატურა ახალი ხელისუფლების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასაყრდენი გახდა. სოციალისტური რეალიზმი სრულად აკმაყოფილებდა ახალი ხელისუფლების მოთხოვნებს. ის რამდენიმე შენაკადად განიტოტა: პროლეტარული მწერლობა, სოცრეალისტური მწერლობა, საბჭოთა პუბლიცისტიკა. გაჩნდა ახალი ტერმინები – პროლეტკულტურა, საბჭოთა მწერლობა, სოციალისტური რეალიზმი, საბჭოთა კრიტიკული სკოლა.
სოციალისტური რეალიზმის მთავარი ამოცანა ახალი ისტორიისა და მასობრივი კულტურის შექმნა იყო. იწერებოდა დითირამბული ლექსები და ოდები საბჭოთა ხელისუფლებაზე, სქელტანიანი რომანები საბჭოთა ადამინების კოლექტიურ შრომასა და გმირობაზე, ძმობის, ერთობისა და თანასწორობისათვის მებრძოლი ხალხის ცხოვრებაზე. საბჭოთა კრიტიკა კი ხოტბას ასხამდა ამ სიყალბეს. მეტიც, ასახიჩრებდა უმისოდაც გაიშვიათებული ხარისხიანი ტექსტების წაკითხვას. არასწორი წაკითხვის მსხვერპლად არაერთი ქართველი მწერლის გენიალური ტექსტი იქცა. ამგვარი ლიტერატურული სიყალბის მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, იყო შიში საბჭოთა ტერორის წინაშე.
ძალიან ცოტა ჭეშმარიტი ტალანტი თუ "შეიწყალა" და "დაინდო" საბჭოთა ხელისუფლებამ. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ტალანტებს საერთაშორისო აღიარება უნდა მოეტანათ ახალი სახელმწიფოსთვის. უმეტეს შემთხვევაში კი ტალანტებს დევნიდნენ, უკრძლავდნენ თავისუფალ აზროვნებას, ბრალს სდებდნენ სახელმწიფო დანაშულში, აძევებდნენ ქვეყნიდან...
30- იან წლებში "სხვაგვარად მოაზროვნე" მწერლებისა და პოეტების განადგურებამ დაუნდობელი სახე მიიღო. ხელისუფლების მიერ ჩატარებული დიდი "პოლიტიკური წმენდის" შედეგად ქართული ლიტერატურა დასუსტდა და დაკნინდა; ის სრულიად იზოლირებული აღმოჩნდა საერთაშორისო ლიტერატურული პროცესისგან. ქართულმა მოდერნიზმმა და ავანგარდმა შეწყვიტა არსებობა.
ეს იყო განადგურებული ტალანტების და დაუწერელი ტექსტების დრო.
საბედნიეროდ, ქართული მწერლობის ღირებული წარმომადგენლები მალევე შეუდგნენ გამოსავლის ძიებას. განსაკუთრებული დატვირთვა მიენიჭა გამოხატვის ალტერნატიულ ხერხებს – ალეგორიას, სატირას, ირონიას, იუმორს, აბსურდს.
სატირისა და იუმორის საშუალებით აზრის გამოხატვა ჯერ კიდევ XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე წარმატებით დანერგა შესანიშნავმა ქართველმა მწერალმა დავით კლდიაშვილმა. კლდიაშვილისეული იუმორი ტრაგიზმით იყო შეფერილი. მისი სიცილი ორმაგ ფუნქციას ასრულებდა – ეს იყო დრამატული სიცილი საკუთარ უსუსურობაზე და სიცილი გარესამყაროზე. ანტონ ჩეხოვის მსგავსად, კლდიაშვილმა ადამიანის არა სიკვდილი, არამედ ცხოვრება აქცია ტრაგედიად!
"იგი სწორედ შეეცოდებოდა კაცს, თვით ამბავი სასაცილო რომ არ ყოფილიყო", – წერს დავით კლდიაშვილი თავის გახმაურებულ მოთხრობაში "სამანიშვილის დედინაცვალი". მოთხრობის სიუჟეტი თითქოსდა ბანალურია: გაღარიბებული აზნაური პლატონ სამანიშვილი, რომელიც ძლივს ახერხებს საკუთარი ოჯახის რჩენასა და გამოკვებას, თავზარდაცემულია ქვრივი მამის გადაწყვეტილებით, შეირთოს ცოლი! მამა და შვილი ერთ სახლში, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ და იყოფენ იმ მცირედს, რაც გააჩნიათ.
კლდიაშვილი
კლდიაშვილის "გაკვეთილები" კარგად გამოიყენეს ქართველმა მწერლებმა მაშინ, როდესაც საქართველო საბჭოთა ტერორმა მოიცვა. იუმორი დიქტატურის წინააღმდეგ წარმოებული ლიტერატურული ბრძოლის ერთ – ერთ ყველაზე ეფექტურ იარაღად იქცა. შეიქმნა ისეთი სპეციფიკური ლიტერატურული ჟანრები, როგორიცაა საბჭოთა სატირული დრამა, სატირული რომანი, იუმორისტული მოთხრობა, ნოველა, ფელეტონი. ამის ერთ – ერთი მაგალითია პოლიკარპე კაკაბაძის პიესა "ყვარყვარე თუთაბერი". პიესაში მოთხრობილია უსაქმური, მშიშარა, გაუნათლებელი და ეშმაკი კაცის, ყვარყვარე თუთაბერის "რევოლუციური" თავგადასავალი საბჭოთა წეს – წყობილების დამყარების პირველ თვეებში: ყვარყვარე ხან მეფის ხელისუფლების მომხრეა, ხან დროებითი მთავრობის წარმომადგენელია და ხანაც – ბოლშევიკების მხარდამჭერი. მის პოზიციას ყოველთვის ერთი პრინციპი განსაზღვრავს: ვინ არის დღეს ხელისუფლების სათავეში? თუ ხელისუფლების სათავეში მეფეა, მაშინ ყვარყვარე მისი ერთგულია, თუ დროებითი მთავრობაა – ყვარყვარე მის ჯარს მეთაურობს, ხოლო თუ ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს – ყვარყვარე მათი ამხანაგია! ახალგაზრდა საბჭოთა ცენზურა ძალიან დააბნია პიესის იუმორისტულმა ხასიათმა: სცენები გაჟღენთილია კომიკური სიტუაციებით, დიალოგები – აბსურდულია, პერსონაჟები – კარიკატურული. საბოლოო ჯამში, პიესა შეფასდა როგორც შარჟი პოლიტიკურად უმწიფარ, "ახალი დროებისათვის" მოუმზადებელ, ბრიყვ, მლიქვნელ ადამიანზე და… დაიბეჭდა დიდი ტირაჟით! დღეს კი, თითქმის ასი წლის შედეგ, სავსებით ცხადია პიესის ავტორის მიზანი: ყვარყვარე თუთაბერი თავისი მახინჯი დროისა და საზოგადოების სიმბოლოა. ყვარყვარესნაირი უგვანი ადამიანი არასოდეს წარმოიქმნება ნორმალურ საზოგადოებაში. ყვარყვარე საბჭოთა რეჟიმის უშუალო ნაყოფია, ტრაგედიაა, უბედურებაა, რომელსაც ვერასოდეს და ვერც ერთი დიქტატორული მმართველობა ვერ დააღწევს თავს!
მოთხრობისთვის „სამანიშვილის დედინაცვალი“
საქართველოს ლიტერატურულმა ცხოვრებამაც განსხვავებულ საფეხურზე გადაინაცვლა. ქვეყანაში კვლავ დაუბერა დასავლური ლიტერატურის სიომ. ქართველი მწერლები ხარბად ეცნობიან ნეორეალიზმის ლიტერატურულ სკოლას. იმ დროის საქართველოში ყველაზე პოპულარული დასავლელი ავტორები არიან ერნესტ ჰემინგუეი, სკოტ ფიცჯერალდი, ერიჰ მარია რემარკი... ქართული მწერლობა გულახდილი და რეალისტური ხდება. ამ ახალი ლიტერატურული ტალღის წარმომადგენლები არიან გურამ რჩეულიშვილი, არჩილ სულაკაური, ერლომ ახვლედიანი. ისინი ნელ–ნელა აბრუნებენ ქართულ საბჭოთა ლიტერატურას საერთაშორისო ლიტერატურულ ორბიტაზე. გურამ რჩეულიშვილის შესანიშნავ მოთხრობებსა და ნოველებში თითქოს ოკეანის სიღრმიდან ამოტივტივდება ომისშემდგომი ქალაქები, ადამიანები, რომლებიც გრძნობენ სევდას, ტკივილს, უმკლავდებიან ყოველდღიურობის ერთფეროვნებას და წვრილ-წვრილ პრობლემებს, იცავენ მაღალ ზნეობრივ პრინციპებსა და მოქალაქეობრივ ღირებულებებს. ამავე დროს, ისინი სავსენი არიან სიყვარულით, მონატრებით, ერთმანეთის მხარში დგომის დაუოკებელი სურვილით. რჩეულიშვილის სამყარო არც თეთრია და არც შავი, არამედ აგებულია შუქ–ჩრდილების ნეორეალისტურ თამაშზე.
ნეორეალისტური ხასიათისაა არჩილ სულაკაურის პირველი მოთხრობებიც: "ტალღები ნაპირისაკენ მიისწრაფიან", "წყალდიდობა", "მტრედები", "ბიჭი და ძაღლი". ჰაერში ჯერ კიდევ ტრიალებს ომის სურნელი, თუმცა, ადამიანები თანდათან უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს და მასთან ერთად – მივიწყებულ ადამიანურ განცდებს: სიყვარულს, მოლოდინებს, აღმაფრენებს, იმედებს... თუმცა, სადღაც, ყოველთვის, როგორც აუცილებელი ტექსტურა, არსებობს ხსოვნა – ღია ჭრილობა, ნაკვალევი, დარდი, რომელსაც ვერ გადაფარავს დრო.
დასავლურ ლიტერატურულ სტილს თანაუგრძნობს ერლომ ახვლედიანი. ერლომ ახვლედიანის წიგნმა "ვანო და ნიკო" მძლავრად შეარყია საბჭოთა მკითხველების მსოფლაღქმის სტერეოტიპები.
ნეორეალისტური განწყობილებით იწყებს თავის სამწერლო კარიერას ნოდარ დუმბაძეც. 1960 წელს დიდი ხმაური მოჰყვა მწერლის რომანს – "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი". ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი, იუმორით გაჯერებული ტექსტია, რომელიც გადმოგვცემს ომისდროინდელი ქართული სოფლის ცხოვრებასა და მისი ბინადრების კეთილ, ხშირად გულუბრყვილო თავგადასავლებს. სინამდვილეში კი რომანი დიდი ადამიანური ნაღველითაა შეფერილი: სიცილის მიღმა ადამიანების უზარმაზარი სევდა იმალება – პატარა ბიჭის უდედმამო არსებობა, ომის შედეგები, ტკივილი და სიცარიელე, ადამიანთა უსუსურობა და უუნარობა, წინ აღუდგნენ ომის ტრაგედიას. ავტორი სევდიანი სიცილის მიღმა პასუხს ითხოვს გლობალურ შეკითხვებზე: რა საჭიროა ომი? რატომ იწყებენ ომებს? რატომ კვდებიან ომებში ადამიანები? როგორ დაღს ასვამს ომი ახალგაზრდა თაობის ცხოვრებას? ნოდარ დუმბაძის სევდანარევმა იუმორმა თავი იჩინა მის რამდენიმე სხვა ტექსტშიც.
თავის სიტყვას ამბობს ომისშემდგომი ქართული პოეზიაც. ასპარეზზე გამოდის პოეტი ქალი ანა კალანდაძე. მისი შემოქმედება თავისუფალია ყოველგვარი პოლიტიკისგან. ლექსი ემოციურია, ღრმა, ფიქრიანი, მინიმალისტური. ქალური ხედვა ელეგანტურად იკვეთება საქართველოს ისტორიასთან და მითოლოგიასთან.
ანა კალანდაძე ბეთანიის გზაზე ასკილი, მოცხარი, მოცვი... |
![]() დავაწეროთ |
თანამედროვე ქართული პოეზიის ისტორიას ანა კალანდაძესთან ერთად ქმნიან: შოთა ჩანტლაძე, ოთარ ჭილაძე, თამაზ ჭილაძე, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, გივი გეგეჭკორი, შოთა ნიშნიანიძე, არჩილ სულაკაური, მიხეილ ქვლივიძე, ტარიელ ჭანტურია, ვახტანგ ჯავახაძე, მორის ფოცხიშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, ემზარ კვიტაიშვილი, რეზო ამაშუკელი... მათ პოეტურ ტექსტებში იგრძნობა დასავლური ლიტერატურული მოდის ზეგავლენა; მოჭარბებულია თავისუფალი და ლირიული პოეტური სტილი, გააქტიურებულია პატრიოტული თემატიკა.
სამწუხაროდ, მწერლობის თავისუფლების მაღალმა ხარისხმა მალევე გააღიზიანა საბჭოთა ხელისუფლება. პოლიტიკური "დათბობა" "უძრაობის ხანამ" შეცვალა. სწორედ ამ პერიოდში გამოიკვეთა ქართველ მწერალთა შთამბეჭდავი ჯგუფი, რომელმაც შეძლო ყოველგვარ პოლიტიკურ შეზღუდვებზე მაღლა დადგომა. მათი შემოქმედება იყო ექსისტენციალური თემების დამუშავების წარმატებული მცდელობა ქართულ მწერლობაში. ოთარ ჭილაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ოთარ ჩხეიძე, გურამ დოჩანაშვილი, გურამ გეგეშიძე, ჯემალ ქარჩხაძე წინა პლანზე წამოსწევენ მათივე თანამედროვე მსოფლიო და ევროპული მწერლობისათვის აქტუალურ თემებს, როგორებიცაა: სულიერი ღირებულებების გაუჩინარება; საზოგადოების ზნეობრივი კრიზისი; ინტელექტის მწვავე დეფიციტი; მარტოობა, გაუცხოება და საკუთარი თავის ძიება. ეს მსოფლიო თემები წარმატებით იკვეთება საკუთრივ ქართულ პრობლემებთან და თემებთან, როგორებიცაა: "უძრაობა", საბჭოთა იდეოლოგიისგან გაქცევა, ბრძოლა ეროვნული დამოუკიდებლობისათვის. ქართულ პროზაში მკვიდრდება მითოლოგიური აზროვნება, შემოდის მაგიური, ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური რეალიზმის ელემენტები. იწერება მსოფლიო დონის რომანები: ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია", ოთარ ჭილაძის "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" და "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან", გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი", ჯემალ ქარჩხაძის "მდგმურები", გურამ გეგეშიძის "ჟამი", ოთარ ჩხეიძის "ბორიაყი".
აქ დასახელებული ყველა ქართველი მწერალი დღეს უკვე სამართლიანად არის მიჩნეული ქართული ლიტერატურის კლასიკოსად. მათ არა მარტო შეითვისეს თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ტენდენციები, არამედ შეახსენოს მსოფლიოს, რომ არსებობს პატარა, მაგრამ უძველესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია. ისინი არიან ქართველი პრუსტები, მარკესები, კორტასარები...
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მწერალთა კიდევ ერთი ჯგუფი: რევაზ ინანიშვილი, ნოდარ დუმბაძე, რეზო ჭეიშვილი, არჩილ სულაკაური, ვაჟა გიგაშვილი, ნოდარ წულეისკირი, თამაზ ბიბილური, ნუგზარ შატაიძე... მწერალთა ეს ჯგუფი უფრო ყოფით პრობლემებს უტრიალებს, ყოველდღიურ ცხოვრებას, ადამიანურ დილემებს... ისინი წარმატებით იყენებენ სხვადასხვა ლიტერატურულ ჟანრს. წერის მანერა ძალზე დინამიურია, ხშირად აღსავსე იუმორით, სატირითა და პაროდიით. რევაზ ინანიშვილი შეუდარებელი მწერლური გემოვნებით გამორჩეულ ქართულ შედევრებს – "ცეტები", "კაცი და ქალი", "ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი", "უკუღმა დაჭედილი" და სხვა, რომლებიც არნახული ლიტერატურული გულწრფელობითა და სისადავით გამოირჩევა. ინანიშვილის ტექსტების ენა, მართალია, ქართულია, მაგრამ სათქმელი – საყოველთაო.
უკვე გამოცდილი ავტორების გვერდით ახალგაზრდა მწერლებიც აქტიურდებიან. გამოვყოფდით ყარამან კიკვიძეს, ჯემალ თოფურიძეს, სოსო პაიჭაძეს. დიდ ყურადღებას იქცევს ანა მხეიძის მოთხრობა "არჩევანი მე", სადაც პირველად საბჭოთა მწერლობაში დასმულია ნარკომანიის პრობლემა. წარმატებით მუშაობენ ქალი მწერლები: ნაირა გელაშვილი, მაკა ჯოხაძე, ქეთი ნიჟარაძე.
ასევე მრავალფეროვანია ამ პერიოდის ქართული პოეზიაც. ბესიკ ხარანაული და ლია სტურუა უპირატესობას ანიჭებენ ვერლიბრს, რომელიც ძალზე პოპულარულია მათ თანამედროვე დასავლურ პოეზიაში.
მნიშვნელოვანი ძვრები შეინიშნება ქართულ ორიგინალურ დრამატურგიაში. ამ მიმართულებით მუშაობენ: თამაზ ჭილაძე, რეზო გაბრიაძე, რეზო ჭეიშვილი, ერლომ ახვლედიანი, ოტია იოსელიანი, მერაბ ელიოზიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, ზაირა არსენიშვილი, რეზო ესაძე.
ფილმიდან „ფიროსმანი“
80-იანი წლებიდან დრამატურგთა ამ გუნდს შეემატებიან ახალგაზრდა ავტორები – ლაშა თაბუკაშვილი, შადიმან შამანაძე, ლალი როსება, ირაკლი სამსონაძე. მათი პიესები იმთავითვე მიიქცევს ყურადღებას თემატური გაბედულებით. შადიმან შამანძის პიესებში "ღია შუშაბანდი" და "ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში" შეიგრძნობა საბჭოური ცხოვრების უკვე მოყირჭებული რეალობა, იდეალების დამხობა, ღირებულებების გადაგვარება, ახალგაზრდების შეუთავსებლობა დადგენილ კანონ-წესებთან, პროტესტი და გამოსავლის ძიების სურვილი; ლაშა თაბუკაშვილის პიესები "დარაბებს მიღმა გაზაფხულია", "შენკენ სავალი გზები" გაიაზრებს მისი თანამედროვე ქართული საზოგადოების პრობლემებს, არ ერიდება ტაბუდადებულ თემებს, ცდილობს მიაგნოს სიმართლეს და ზნეობრივ ღირებულებებს; ირაკლი სამსონაძე კი მოხიბლავს მკიხველს თავისი სიღრმისეული, მრავალფეროვანი პრობლემატიკით გამორჩეული პიესებით, რომელთაგანაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პიესა "ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი".
80-იანი წლების მიწურულს საქართველო უმძიმეს პოლიტიკურ ფაზაში შეაბიჯებს: წინ არის საბჭოთა რეჟიმის დასასრული, სამოქალაქო ომი, მსხვერპლი, ქაოსი... იცვლება რეალობა, იცვლება სტილი. მწერლობა თითქოს ავისმომასწავებელი ამბების რეჟიმში გადაინაცვლებს. ის უაღრესად გულახდილი ხდება; შეიგრძნობა თაობის ტრაგიზმი; სოციალური პლანი გაჯერებულია ბრაზით, პროტესტით, ტკივილით, ფსიქოლოგიური დილემის შეგრძნებით. სწორედ ეს ტენდენციები მოსჩანს კოტე ჯანდიერის, ზაალ სამადაშვილის, ირაკლი ლომოურის, ირაკლი სამსონაძის, ზაზა თვარაძის და სხვათა ტექსტებში. სტილის უაღრესი თავისთავადობით გამოირჩევა აწ უკვე გარდაცვლილი შესანიშნავი მწერლის, სცენარისტისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის შემოქმედება. აღვნიშნავდით მის თხზულებებს: "ბინდისფერი ხეობა", "ადამიანთა სევდა", "მგელი"... ჩოხელის პროზაში რეალობა მუდმივად იკვეთება ქართული მითოლოგიასთან. მწერალი მწვავედ განიცდის სამყაროს ილუზორულობას. მისი ტექსტები გაჟღენთილია ექსისტენციალური კითხვებით, მთელ რიგ მოთხრობებში კი სამყაროს დარღვეული ჰარმონია და ადამიანის აბსურდული ტანჯვა იკითხება...
1991 წელს ოფიციალურად გაფორმდა საბჭოთა დიქტატურის დასასრული. საქართველომ მოიპოვა ნანატრი დამოუკიდებლობა, მაგრამ არნახული ტკივილების ფასად: ქვეყანა ჩათრეული აღმოჩნდა ეთნიკურ კონფლიქტებსა და სამოქალაქო ომებში. ძმათა შორის დაპირისპირება, მსხვერპლი, დაკარგული ტერიტორიები ახდენილ კოშმარს დაემსგავსა. ქვეყნის პოლიტიკურმა ცხოვრებამ სრულიად განსხვავებულ ფაზაში შეაბიჯა, ხოლო ლიტერატურამ ფართოდ გაუღო კარი პოსტმოდერნიზმს.