- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
ირმა რატიანი
XIX საუკუნიდან საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ერა იწყება: საქართველო რუსეთის იმპერიის უღელქვეშ აღმოჩნდება. ეს ფაქტი ლიტერატურულ პროცესზეც აისახება: ქართული მწერლობა, ერთი მხრივ, კარს გაუღებს დასავლურ (ევროპულ) ლიტერატურულ სკოლებსა და მიმდინარეობებს (რომანტიზმი, რეალიზმი), მეორე მხრივ კი, ჩაერთვება ხანგრძლივ ბრძოლაში რუსეთის იმპერიალისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ.
საქართველოსათვის უცხო არ იყო "დაპყრობილის" სტატუსი. სხვადასხვა დროს საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული ჰქონდათ ირანს, არაბეთს, თურქეთს, მონღოლეთს... ქართველების, როგორც უძველესი მართლმადიდებელი ერის, ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ ყოველთვის სარწმუნოების შენარჩუნებას უკავშირდებოდა. მთავარ მიზანს სარწმუნოების დაცვა წარმოადგენდა. მაგრამ რუსეთის შემთხვევაში საქმე ცოტა სხვაგვარად იყო: რუსეთიც, ისევე როგორც საქართველო, მართლმადიდებელი ქვეყანა გახლდათ! ამ გარემოებამ გარკვეული დაბნეულობა შეიტანა ქართულ საზოგადოებაში: კარგად ვერ გაეგოთ, რუსეთი მტერი იყო თუ მოყვარე? რუსეთმა კი შესანიშნავად ისარგებლა შექმნილი ვითარებით. მის პოლიტიკურ მიზანს იმთავითვე საქართველოსა და მთლიანად კავკასიის გათიშვა-დაშლა წარმოადგენდა. რუსეთის იმპერია მარჯვედ აპირისპირებდა მასავით მართლმადიდებლურ საქართველოს კავკასიის მთიანეთის არაქრისტიან ხალხებთან. საქართველოს პოლიტიკური კურსი ბურუსით იყო მოცული.
ამ რთულმა პროცესებმა თავისი დაღი დაასვა რომანტიზმს საქართველოში. ქართული რომანტიზმი ჩასახვისთანავე გამოეხმიანა ევროპული რომანტიზმის თემებსა და მოტივებს, თუმცა ძირითად თემას მაინც საქართველოს ბუნდოვანი პოლიტიკური აწმყო წარმოადგენდა. ცხადი იყო, რომ რუსეთს სრული გავლენის მოპოვება სურდა კავკასიაში. კავკასიის ერთიანობის იდეა ისტორიულ წარსულს ჩაბარდა, საქართველო კი აღარაფრით ჰგავდა ერთ დროს ძლიერ და აყვავებულ სახელმწიფოს.
გრიგოლ ორბელიანი თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში (ფრაგმენტი) შენს წმინდა სახეს, იხ. სრულად |
![]() |
შელი
ბაირონი
ამასობაში კი, კავკასიური დაპირისპირება რუსეთის პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს გეგმად ყალიბდება. საერთო ქაოსსა და უთანხმოებაში კი საგანგებო მისია დაეკისრება სრულიად ახალგაზრდა პოეტს ნიკოლოზ ბარათაშვილს. მისი ფრაზა – სახელმწიფოსა სჯულის ერთობა არარას არგებს, ოდეს თვისება ერთა მის შორის სხვადასხვაობდეს – ნათლად გამოხატავს პოეტის მოქალაქეობრივ პოზიციას: რელიგიური რწმენის თანხვდომა არ არის საკმარისი; დადგა დრო, როცა რწმენისათვის ბრძოლას ეროვნული ღირსებისათვის ბრძოლაც უნდა დაემატოს!
ეს სულისკვეთება თან სდევდა ბარათაშვილის პოეზიას.
ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია ქართული რომანტიზმის მსოფლიო რომანტიზმთან ერთიანობის სიმბოლოა. მისი შემოქმედება რომანტიზმის მართლაც საუკეთესო ტრადიციებზეა ამოზრდილი. ქართველი რომანტიკოსი პოეტი გამოეხმაურა მსოფლიოს უდიდეს რომანტიკოსებს: კიტსს, შელის, ბაირონს, მიცკევიჩს, ლერმონტოვს და სხვ. ბარათაშვილმა შეისისხლხორცა ის ძირითადი თემები, რომლებიც ახასიათებდა ევროპულ და მსოფლიო რომანტიზმს: პიროვნული "მე"-ს წარმოჩენა, წარსულის გაიდიალება, მითოლოგიური და რელიგიური ნაკადის მოზღვავება, ბუნებასთან თანაზიარობა, ამ სამყაროდან "გაჭრის" ძიება, სიყვარულის, მარტოობისა და სევდის თემების გაშლა... ამ თემებს პოეტის არაერთი შედევრი მიეძღვნა: "შემოღამება მთაწმინდაზე", "სულო ბოროტო", "ვჰპოვე ტაძარი", "ფიქრნი მტკვრის პირას", "მერანი"...
თანამედროვეთა მოგონებით, ნიკოლოზ ბარათაშვილი საზოგადოების "სული და გული" ყოფილა, მხიარული, ცელქი, მომცინარი, გართობა-თამაშობების მოყვარული ახალგაზრდა კაცი... მით უფრო გასაკვირია მისი პოეზიის სიღრმე! ბარათაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რომანტიზმის ერთ-ერთ საკვანძო იდეას – ეროვნული თვითშემეცნების აღორძინებას. საქართველოს ბედ-იღბალი და მის წარსულსა თუ მომავალზე ფიქრი პოეტმა ოსტატურად დაუკავშირა მსოფლიო რომანტიზმის საერთო მახასიათებლებთან. შედეგად, შეიქმნა ისეთი შედევრი, როგორიცაა პოემა "ბედი ქართლისა".
ბარათაშვილის პოეზია ადასტურებს, რომ რომანტიზმი ერთდროულად მსოფლიო მოვლენაცაა და ნაციონალურიც. მის ნაციონალურ ხასიათს განსაზღვრავს კონკრეტული გარემო, ისტორია, კულტურა, ენა, საზოგადოება, საზოგადოებრივი მიზნები, პიროვნების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში... ეროვნულობა, რომანტიზმისათვის ზოგადად ნიშანდობლივი ეს განცდა განსაკუთრებული სიმკვეთრით არის წარმოჩენილი ბარათაშვილის პოეზიაში.
ნიკოლოზ ბარათაშვილმა ღირსეულად მონიშნა საქართველო მსოფლიო რომანტიზმის რუკაზე.
ნიკოლოზ ბარათაშვილისეული ეროვნული სულისკვეთება უფრო მეტად გააქტიურდება XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან. ამ დროისათვის უკვე აშკარაა რუსეთის იმპერიალისტური მიზნები კავკასიაში. საქართველოში შეინიშნება ეროვნული მოძრაობის აღმავლობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგებიან ქართული კრიტიკული რეალიზმის ლიდერი, ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრეები.
როგორც ცნობილია, კრიტიკული რეალიზმის ევროპული სკოლა რეალობის ფხიზელი ანალიზი იყო; ის რეალობის ნამდვილ სახეს აჩვენებდა და ცდილობდა მკითხველისათვის დაენახვებინა რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემები. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სოციალურ პრობლემებს. ყურადღების ცენტრში მოექცა პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულება. რეალიზმის ეპოქის წამყვანი ლიტერატურული ჟანრები იყო: რომანი, მოთხრობა, პოემა, ელეგია, დრამატული ჟანრები. რეალისტი მწერლები წარმატებით იყენებდენ სატირასა და იუმორს, გროტესკსა და ირონიას, რათა უკეთ გამოეხატათ თავიანთი საზოგადოებრივი პოზიცია.
ქართველი რეალისტებს ხშირად თერგდალეულებს უწოდებენ. საქმე ისაა, რომ მწერალთა ამ ჯგუფის თითქმის ყველა თვალსაჩინო წარმომადგენელს განათლება მიღებული ჰქონდა სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში, რაც, გეოგრაფიული თვალსაზრისით, გულისხმობდა მდინარე თერგის გადაკვეთას საქართველოდან ჩრდილოეთისაკენ (რუსეთისაკენ) მიმავალ სამხედრო გზაზე. თერგდალეულების შემოქმედება ცხადჰყოფს, რომ ისინი კარგად იცნობენ მსოფლიო რეალიზმის ლიტერატურულ სკოლას და მისი ძირითადი წარმომადგენლების – გოგოლის, ზოლას, ბალზაკის, სტენდალის, დიკენსის, ნეკრასოვის, ტოლსტოის, ტურგენევის, დოსტოევსკისა და სხვათა ტექსტებს. ქართველი მწერლები აშუქებენ მსოფლიო რეალიზმის ძირითად თემებს, როგორიცაა – პიროვნებისა და საზოგადოების გართულებული ურთიერთობები, სოციალური ყოფის დეტალები, ახლადფეხადგმული კაპიტალიზმის გავლენები, ფსიქოლოგიური პრობლემები და სხვა.
თავიანთი დასავლელი კოლეგების მსგავსად, ქართველი რეალისტების მთავარ შემოქმედებით წყაროსაც რეალური ცხოვრება და ყოფა წარმოადგენს. სწორედ ეს განსაზღვრავს ქართული რეალიზმის ნაციონალურ თავისებურებებს.
ქართული კრიტიკული რეალიზმის მთავარი პრობლემა ქართველი საზოგადოების გააქტიურება, მოქალაქეობრივი შეგნების გამომუშავება და პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაა! შედეგად, იქმნება ისეთი მნიშვნელოვანი ტექსტები, როგორიცაა:
საგულისხმოა, რომ ქართული კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენლებმა ქართული ენის რეფორმა წამოიწყეს. ამის ნიადაგზე დიდი დაპირისპირება დაიწყო ქართველი მწერლების ძველ და ახალ თაობებს შორის. დღეს ეს დაპირისპირება "მამათა და შვილთა ბრძოლის" სახელითაა ცნობილი. "შვილთა ბანაკი" (ილია ჭავჭავაძის მეთაურობით) გაემიჯნა "მამათა ბანაკს" (გრიგოლ ორბელიანის მეთაურობით) ქართული ენისა და ლიტერატურის, აგრეთვე, კულტურისა და პოლიტიკის საკითხებში. ადრე თუ გვიან, "შვილთა ბანაკის" მიერ გამოთქმული აზრები და იდეები საქმეებად იქცა.
ამასობაში კი ქართული მწერლობა XX საუკუნეს მიუახლოვდა. საუკუნეების მიჯნაზე განსაკუთრებით გამოიკვეთა ვაჟა-ფშაველას მწერლური ნიჭი. ვაჟა-ფშაველა რეალიზმის გვიანი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფიგურაა საქართველოში. მწერალი ყოველგვარ ეთნიკურ და რელიგიურ კუთვნილებაზე მაღლა დადგა. თავის პოემებში "ალუდა ქეთელაური", "სტუმარ-მასპინძელი", "გოგოთური და აფშინა" ის გასცდა კავკასიურ სეპარატიზმს და ხმამაღლა განაცხადა, რომ ადამინის ღირსებას არ განსაზღვრავს არც ეთნიკური კუთვნილება და არც რელიგიური რწმენა; ყოველ საზოგადოებაში შეიძლება აღიზარდოს ღირსეული ადამიანი, აღსავსე ვაჟკაცობით, კეთილშობილებითა და ჰუმანურობით. ვაჟა-ფშაველას მთავარ აღმოჩენად ადამიანი იქცა, ადამიანის სულსა და გონებაში მომხდარი ღრმა ცვლილებები. ამით ის ენათესავება მსოფლიოს წამყვან მოაზროვნეებს: ნიცშეს, დოსტოევსკის, ბოდლერს. გარდა ამისა, ვაჟა-ფშაველას პროზასა და პოეზიაში უწყვეტად შემოვიდა ქართული მითოლოგია და ფოლკლორი, როგორც ქართული კულტურული მსოფლმხედველობის ნიმუში. ვაჟა-ფშაველამ ქართულად აამეტყველა ბუნება, მთები, ხეები, ყვავილები, ცხოველები. გვაჩვენა, რომ სამყაროს, ბუნებას თავისი ენა აქვს და რომ ადამიანს უნდა ესმოდეს მისი. მწერალმა ეს ნათლად გამოხატა პოემაში "გველის-მჭამელი". ცნობილი ინგლისელი ქართველოლოგი დონალდ რეიფილდი წერდა ვაჟა-ფშაველას შესახებ: "ვაჟა-ფშაველა გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის მწერალია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქართველი ავტორი".
XIX საუკუნის ქართულმა მწერლობამ სათუთად მიიტანა "სამშობლოს" იდეა და განცდა ახალი, XX საუკუნის კარიბჭესთან. ახლაც კი გვაღელვებს აკაკი წერეთლის მიერ აკანკალებული ხმით წაკითხული ლექსი განთიადი, რომელიც პოეტმა თავის ქვეყანას უძღვნა.
ეს არის ლექსი-ლოცვა, ლექსი-ვედრება, ლექსი-სიყვარული, მიტანილი სამშობლოს სამსხვერპლოზე.