- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
მიხეილ ჩიქოვანი
პირველი ცნობები მე-17 საუკუნეში შეკრებილი "ქართული ზღაპრების" შესახებ ეკუთვნის გერმანელ ენათმეცნიერს ჰუგო შუხარდტს (1896 წ.). 1902 წელს ქართველმა მეცნიერმა, მიხეილ თამარაშვილმა, რომელიც რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი იყო (იტალიაში მას იცნობდნენ, როგორც მიქელ თამარათის), გამოსცა მონოგრაფია "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის". წიგნში შეტანილია პატრი ბერნარდე ნეაპოლელის არქივის მოკლე მიმოხილვა. იმ ხელნაწერთა შორის, რომლებიც მკვლევარს კაპუცინების ძველი მონასტრის არქივში უპოვია, მითითებული არის "ქართული ზღაპრები". მიხეილ თამარაშვილი წერს, რომ ეს არის პატარა წიგნი და შეიცავს 10 ზღაპარს. ამასთანავე, მას გაუკეთებია ამ წიგნის ასლი, რომელსაც საინტერესო ცნობა ახლავს მასალის იტალიურ ხალხურ შემოქმედებასთან მიმართების თაობაზე – ქართული ზღაპრები დიდად არ განსხვავდებიან ნეაპოლიტანურ მოთხრობებისგან. ეს შეფასება იტალიელ მოღვაწეს უნდა ეკუთვნოდეს და გარკვეული მნიშვნელობის მქონეა, როგორც ევროპაში გამოთქმული აზრი ქართული ეროვნული სიტყვიერების, კერძოდ, ზღაპრული ეპოსის შესახებ. ამაზე უფრო ადრინდელი მოსაზრება ქართული ზღაპრული სიუჟეტების შესახებ ახალ ევროპულ ენებზე არ გვეგულება. აქედან გამომდინარე, მე-17 საუკუნის 70-იანი წლები ქართული ზღაპრული ეპოსის შესწავლის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ. აღნიშნული სიტყვები თუ ბერნარდე ნეაპოლელს ეკუთვნის, მაშინ იგი არა მხოლოდ შემკრების, არამედ დამკვირვებლის, შემსწავლელის როლშიც გვევლინება.
ბერნარდეს არქივი ნეაპოლის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში განთავსდა და ჩვენთვის საინტერესო ქართულ ზღაპართა კრებულიც სწორედ იქ ინახებოდა. ნეაპოლის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ქართული ხელნაწერების, კერძოდ, ქართული ხალხური ზღაპრების კრებულის აღმოჩენამ ყურადღება გაამახვილა იმ პიროვნების მიმართ, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული ჩვენი კულტურის ამ ძეგლების მოხვედრა იტალიის ერთ-ერთ უმშვენიერეს ქალაქში. ეს პირი გახლავთ კაპუცინთა ორდენის კათოლიკე ბერი ბერნარდე ნეაპოლელი. იგი ერთ-ერთი იყო იმ რვა კაპუცინს შორის, რომლებიც 1661 წელს საქართველოში კათოლიკობის გასავრცელებლად გამოიგზავნა.
ბერნარდე ნეაპოლელი ორჯერ ეწვია საქართველოს. მეორედ იგი 1670 წელს ჩამოვიდა და ცხრა წელი დარჩა. ბერნარდე დაუკავშირდა კაპუცინ მისიონერებს და ფართო მოღვაწეობა გააჩაღა. საეკლესიო მსახურების გარდა, სხვა მისიონერების მსგავსად, იგი საქართველოში ექიმად მუშაობდა, სწავლობდა ქართულ ენას, ეცნობოდა სასულიერო და საერო კულტურას, დაიწყო მთარგმნელობითი საქმიანობა – ქართული ენიდან იტალიურზე და იტალიურიდან ქართულზე, შეადგინა სარწმუნოებრივი შინაარსის თხზულებები. ასე რომ, ბერნარდე ნეაპოლელმა კარგად იცოდა ქართული ენა და თავისუფლად იყენებდა მას, როგორც სამისიონერო, ისე ლიტერატურულ მოღვაწეობაში.