- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
მაკა ელბაქიძე
ახლა ორ მეფეზე უნდა გიამბოთ – ორივე მათგანს საქართველოსთვის ურთულეს ეპოქაში მოუხდა ტახტზე ასვლა. ორივე მათგანი ბაგრატიონთა დინასტიას ეკუთვნოდა, ორივე ქვეყნის ხსნას ქრისტიანულ დასავლეთთან ან ჩრდილოელ მეზობელთან, რუსეთთან კავშირში ხედავდა; არადა მათი მეფობისას საქართველო ორ მრისხანე მტერს – ირანსა და ოსმალეთს შორის იჭყლიტებოდა. რაც მთავარია, ორივე მეფე პოეტი იყო – თანაც ძალზე დაფასებული თანამედროვეთა მიერ. და ბოლოს, ორივეს ერთნაირი ბედი ხვდა წილად – ტახტის დაკარგვა, სამშობლოდან განდევნა და უცხო მიწაზე სიკვდილი.
პირველმა მათგანმა, თეიმურაზ I–მა, სიჭაბუკე ირანში, შაჰ აბასის კარზე გაატარა (ირანის შაჰები ხშირად ითხოვდნენ მძევლად უფლისწულებსა და დიდებულთა შვილებს). სწორედ თეირანში გაეცნო იგი სპარსული ლიტერატურის შედევრებს, რამაც იმთავითვე განსაზღვრა მისი პოეზიის ხასიათი – თეიმურაზ I-ის შემოქმედების საუკეთესო ნიმუშები აღმოსავლური პოეზიის სერიოზულ გავლენას განიცდის. "სპარსთა ენისა სიტკბოებამან მასურვა მუსიკობანი, მძიმე არს ენა ქართველთა არ ძალმიძს მისებრ თხრობანი" – ეს ფრაზა თანამედროვე ქართულ ენაზე ასე ჟღერს: სპარსული ენის სიტკბოებამ ლექსების წერა მომანდომა, ქართული ენა კი მძიმეა და ამ ენაზე ჩემს ლექსებს ისე ვერ გავაჟღერებ, როგორც სპარსულზეო. ბუნებრივია, ამ სიტყვების გამო თეიმურაზს სპარსოფილობა დასწამეს თანამედროვეებმაც და მისი შემდგომი თაობის პოეტებმაც. ამ "ბრალდებისთვის" საკმარისი საბუთიც ჰქონდათ – თეიმურაზმა ქართულ ენაზე თარგმნა აღმოსავლური მწერლობის ყველაზე ცნობილი ძეგლები – "იოსებზილიხანიანი", "ლეილმაჯნუნიანი", ვარდბულბულიანი", "შამიფარვანიანი" ("სანთელი და პეპელა"). მანვე დაამკვიდრა ქართულ ლიტერატურაში აღმოსავლური პოეზიის ჟანრები: გაბაასება (დიალოგური ფორმის ლექსი), ანბანთქება (პირველი სტროფის ტაეპები იწყება ასო "ა"-თი, მეორისა "ბ"-თი და ა.შ), მაჯამა (მოკლე ლექსებისა და ომონიმური სტროფების კრებული). ამ ჟანრთა ფარგლებში მოაქცია მან თავისი პოეზიის ორიგინალური ნიმუშებიც ("გაზაფხულშემოდგომიანი", "გაბაასება ღვინისა და ბაგისა").
სიუჟეტი ვარდისა და ბულბულის სიყვარულის შესახებ თეიმურაზამდეც არაერთხელ ყოფილა გამოყენებული ქართულ მწერლობაში. ამის მაგალითად, თუნდაც, რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" შეიძლება დავასახელოთ, რომელშიც სასიყვარულო გრძნობა მეტაფორულად ვარდისა და ბულბულის მიჯურობით არის გამოხატული ("აქვს მიჯნურობა ამისი ვითა ბულბულსა ვარდისა"). თუმცა თეიმურაზ პირველმა ეს მოტივი მომხიბლავ ლირიკულ ფორმაში მოაქცია და საოცარი რომანტიკული ელფერი შესძინა: გაზაფხულზე ბაღში გაიფურჩქნა ათასფერი ყვავილი, მათ შორის ყვავილთა მეფე – ვარდი. მის მახლობლად ტოტზე ჩამოჯდა ბულბული, რომელიც ლამაზი გალობით ატკბობდა თავისი სატრფოს, ვარდის, სმენას. ნაწარმოების დიდი ნაწილი ეძღვნება გაბაასება-კამათს ვარდსა და ბულბულს შორის. თავისი სილამაზით გათამამებული ვარდი საყვედურობს ბულბულს, შენი გალობით ძილს მიფრთხობო, ბულბული კი ევედრება, ნუ გამაგდებ, თორემ უშენოდ მოვკვდებიო. ცხარე კამათის დროს ბულბულს გული წაუვა და მიწაზე დაეცემა. ვარდს შეებრალება "მიჯნური", გულზე წყალს დაასხამს და მის გვერდით ყოფის ნებას დართავს.
ამავე მოტივზეა დაწერილი თეიმურაზის გაბაასების ჟანრის სხვა ნაწარმოებებიც, რომლებშიც ერთმანეთს "ებაასებიან" ხან სანთელი და მასზე შეყვარებული პეპელა, ხან – გაზაფხული და შემოდგომა.
რამდენადაც სპარსული კულტურა და პოეზია განსაზღვრავდა თეიმურაზ პირველის მხატვრულ შემოქმედებას, იმდენად სპარსული პოლიტიკა უხეშად იჭრებოდა მის პირად თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
თავისი დედის მოწამეობრივი აღსასრული თეიმურაზ პირველმაც აღწერა პოემაში "ქეთევანიანი", რომელშიც ქეთევანის ღვაწლი წარმოჩენილია, როგორც საქართველოსთვის გაღებული მსხვერპლი. ამ ნაწარმოებით, თეიმურაზმა, რომელსაც გამუდმებით სპარსოფილობას საყვედურობდნენ, სათავე დაუდო ქართულ ნაციონალურ ეპოსს. ქართული ისტორიული სინამდვილე პირველად სწორედ თეიმურაზის ამ თხზულებაში აისახა.
თეიმურაზ პირველს ყველა დარტყმა არგუნა ბედმა – იგი მოესწრო საყვარელი ცოლის, დედისა და შვილების ტრაგიკულ სიკვდილს, მისმა პოლიტიკურმა მიზნებმა კრახი განიცადა. სიცოცხლის ბოლოს შაჰის მიერ ასტრაბადში გადასახლებული მეფე ბერად აღიკვეცა და იქვე გარდაიცვალა.
მეფე-პოეტის ტრაგიკული ცხოვრება აისახა მის ლირიკულ შემოქმედებაზე. თეიმურაზის პოეზიაში წუთისოფლისადმი სამდურავის მოტივს ენაცვლება რელიგიურ თემაზე შექმნილი ლექსები. სხვა ცოდვებთან ერთად მეფე-პოეტი საკუთარ თავს იმაშიც ადანაშაულებს, რომ ცხოვრების უდიდესი ნაწილი "ფუჭ ლაყბობას" შეალია, ანუ ისეთი ლექსების წერას მოანდომა, რომლებიც არა იმდენად სულს, რამდენადაც ხორცს მოუტანს სიამოვებასა და შვებას.
თეიმურაზი, როგორც მეფე, სამოცი წლის განმავლობაში ებრძოდა სპარსეთის აგრესიულ ზრახვებს, რადგან ის სპარსეთის შეურიგებელი მტერი იყო პოლიტიკაში. მეორე მხრივ, ის, როგორც პოეტი, ზედმეტად ლოიალურად იყო განწყობილი სპარსული მწერლობისადმი. მისი პიროვნული "გაორება" შესანიშნავად გამოხატა აკაკი წერეთელმა თავის ისტორიულ მოთხრობაში "ბაში-აჩუკი": "თეიმურაზი პოეზიაში პოლიტიკოსობდა, პოლიტიკაში პოეტობდა და ამით საზარელ ხვედრს უმზადებდა თავის ქვეყანას".
მეორე მეფე-პოეტი, არჩილი, თეიმურაზ პირველს იმით ჰგავდა, რომ მისი მოწოდებაც იყო არა იმდენად მეფობა, რამდენადაც პოეტობა და მწიგნობრობა. თუმცა თეიმურაზივით ისიც იძულებული იყო მთელი ცხოვრება ეზიდა მეფობის მძიმე ტვირთი.
არჩილმა საფუძველი ჩაუყარა ლიტერატურულ მიმდინარეობას, რომელსაც ქართულ მწერლობაში "მართლის თქმის პრინციპი" ჰქვია. მისი არსი ერთი მოკლე ფრაზით შეიძლება გამოიხატოს: "სპარსთა ნაჭორ ზღაპრებზე" უარის თქმა. სიტყვა "სპარსული" ძველ ქართულში კონკრეტულ ქვეყანასაც აღნიშნავდა და "უცხოს", "უცხოურის" მნიშვნელობითაც იხმარებოდა. "ნაჭორ ზღაპრებში" კი არარეალური, გამოგონილი სიუჟეტები იგულისხმებოდა. "მართლის თქმის პრინციპის" მიმდევრები მწერლობას მკაფიო ამოცანას უსახავდნენ: მას უარი უნდა ეთქვა უცხოურ, გამოგონილ სიუჟეტებზე და მკითხველისთვის ეროვნული ისტორიული თემატიკა შეეთავაზებინა. ამ პრინციპის შემოღებით არჩილი მკვეთრად დაუპირისპირდა თეიმურაზ პირველსა და მის სკოლას. თუმცა ამ ლიტერატურულ პაექრობას ხელი არ შეუშლია მისთვის, გაელექსა სპარსული "ვისრამიანი", ხოლო თავისი ისტორიული პოემა "თეიმურაზიანი" გაბაასების ჟანრის პრინციპებზე აეგო (პოემას მეორენაირად "გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა" ჰქვია). ეს ჟანრი სწორედ თეიმურაზ პირველმა შემოიტანა და დაამკვიდრა ქართულ მწერლობაში. პოემა 19 კითხვა-პასუხისაგან შედგება. ერთმანეთს ეკამათება ორი პოეტი, რომელთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას სამ საუკუნეზე მეტი აშორებს ერთმანეთთან. თეიმურაზი ყველანაირად ცდილობს, დაუმტკიცოს მოწინააღმდეგეს თავისი უპირატესობა. თუმცა ბოლოს არჩილი მაინც ათქმევინებს რუსთაველს: "მე ვარ ძირი ლექსის თქმისა, მოლექსენი ჩემზედ შენობსო", რაც თანამედროვე ქართულ ენაზე ასე შეიძლება გადმოვცეთ: მე ვარ ქართული პოეზიის საფუძველი, რომელსაც ემყარება ყველა ქართველი პოეტიო. შეიძლება თუ არა ისტორიულად მივიჩნიოთ პოემა, რომელშიც ერთმანეთს მე-12 – მე-13 საუკუნეთა მიჯნაზე მცხოვრები რუსთველი და მე-16 – მე-17 საუკუნეების მოღვაწე, თეიმურაზი ებაასებიან? – შეიძლება, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ პოემის ბოლო თავებში (მე-16 – 19 პასუხები) გადმოცემულია, ერთი მხრივ, თამარის ეპოქის, მეორე მხრივ კი, თეიმურაზ პირველის მეფობის ისტორიული სურათი. არჩილი თხრობისას იყენებს როგორც თამარის ეპოქის ისტორიულ მატიანეს, ასევე თეიმურაზის თანამედროვეების მონათხრობს. ამით ის მაქსიმალურად იცავს "რეალისტური" თხრობის პრინციპს, რომელსაც სხვა ქართველი მწერლებისგანაც მოითხოვს. ამავე პრინციპითაა განპირობებული არჩილის შემოქმედებაში დიდაქტიკურ-მორალური ელემენტების სიჭარბეც ("გაბაასება კაცისა და სოფლისა", "საქართველოს ზნეობანი"), რომლებიც მოგვიანებით სულხან-საბა ორბელიანისა და დავით გურამიშვილის შემოქმედების მთავარი მოტივი გახდება.
თეიმურაზ პირველის ძლიერ გავლენას არჩილი განიცდის ლიტერატურული ფორმის თვალსაზრისითაც. თეიმურაზის მსგავსად, ის წერს როგორც საერო, ისე რელიგიური ხასიათის თხზულებებს. მასაც საერო მწერლობა სასულიეროსთან შედარებით დაბალი დონისად მიაჩნია. მისი ლირიკული ლექსები გაჟღენთილია პესიმიზმით, სოფლის სამდურავის მოტივით, რაც ავტორის პირადი თუ პოლიტიკური ცხოვრებით არის განპირობებული. განსხვავება ამ ორ მწერალს შორის ისაა, რომ არჩილის შემოქმედებაში უფრო ძლიერია ეროვნული მოტივი. სალექსო ფორმად თეიმურაზის მიბაძვით ისიც მაჯამას და ანბანთქებას ირჩევს, თუმცა მისი პოეტური ლექსიკა მაქსიმალურად "გაწმენდილია" სპარსიზმებისგან. ეს გარემოება "მართლის თქმის პრინციპის" მიმდევარ მწერალს თავისი შემოქმედების უდიდეს ღირსებად მიაჩნია: "მითქვამს ქართულის ენითა, სხვა ენა არ ურევია".
თეიმურაზის მსგავსად, არჩილს მეფობაში არ გაუმართლა. იგი მთელი ცხოვრება დასავლური კულტურისკენ ისწრაფვოდა, მაგრამ მაჰმადიანობა მიაღებინეს და სახელად შაჰნაზარხანი დაარქვეს. რუსეთს საქართველოსთვის მფარველობას სთხოვდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ჩრდილოელმა მეზობელმა დახმარების ხელი მხოლოდ პირადად მას გაუწოდა. რუსეთში დასახლებულმა მეფემ იმ საქმეს მოჰკიდა ხელი, რომელიც ყველაზე მეტად ეხერხებოდა. შეეცადა, მწიგნობრულ–ლიტერატურული საქმიანობით მაინც დახმარებოდა თავის ქვეყანას. ისიც, ისევე როგორც თეიმურაზი, უცხო ქვეყანაში გარდაიცვალა. რუსეთში გადასახლებულმა ქართველებმა იგი მოსკოვში, დონის მონასტერში დაკრძალეს.